დაპირისპირება სოფელ კოკში. დაკავებულია ერთი ადამიანი

ვითარება უკიდურესად დაიძაბა სოფელ კოკში, სადაც  მობილიზებული არიან სამართალდამცველები. ხელჩართული ჩხუბის შედეგად დაკავებულია ერთი ადამიანი.

დაპირისპირების მიზეზი კოკის # 97 საარჩევნო უბანში თავმჯდომარის მიერ შეცდომით დაწერილი საჩივარი გადა, რაც გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებლებმა გააპროტესტეს. ისინი ამის შემდეგ საარჩევნო უბნიდან გამოაძევეს. ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა ასევე ენმ-ს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი. ადგილი ჰქონდა როგორც მათ შორის, ასევე აქტივისტებსა და კომისიის წევრებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას, რაც ჩხუბში გადაიზარდა.

„ეს არის კიდევ ერთხელ მცდელობა იმის, რომ სადაც მშვიდად მიმდინარეობდა არჩევნები ჩვენს უბანში ეს არის კოკის, ხურჩას და ორსანტიას მიმართულებით, ნაციონალური მოძრაობა როგორც კი გამოჩნდა დაიწყო ძალადობა დაიწყო პროვოკაცია. ეს იყო პროვოკაცია,“-განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

თუმცა ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ როდესაც ის მივიდა საარჩევნო უბანზე პოლიცია უკვე ადგილზე იყო.

„მე რომ მოვედი პოლიცია უკვე იყო. შეცდომით დაწერეს საჩივარი, გამოაგდეს ჩვენი წარმომადგენელი, რა არის ტყუილი. გვაქვს ვიდეო, სადაც ქალბატონი ადასტურებს რომ შემეშალა და ახსნა განმარტება დავწერეო,“-განაცადა ლევან ხაბეიშვილმა.

გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებლები ამბობენ, რომ კომისიის თავჯდომარე დაბნეულია და არასწორად წერს საჩივრებს. 

შინაგან საქმეთა საიმინისტროს ინფორმაციით, კოკში ადმინისტრაციული წესით დააკავეს ერთი პირი, 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.