{{ARTICLEIMAGE}}
ლევან მურუსიძე, რომლის კანდიდატურაც აზრთასხვადასხვაობას იწვევდა, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ დაინიშნა. რადიო თავისუფლების ცნობით, შესაბამის გადაწყვეტილებას, რომელიც დღეს მიიღეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა უმრავლესობამ – 11-მა წევრმა დაუჭირა მხარი. მანამდე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძეს რამდენიმე საათით უსმენდნენ. სხდომის დაწყებამდე ლევან მურუსიძემ განაცხადა, რომ ორი წელია, მის წინააღმდეგ მიზანმიმართული ცილისწამება მიმდინარეობს და დღეს ყველა კითხვას გასცა პასუხი.
“ჩემს შესახებ მას შემდეგ დაიწყეს ლაპარაკი, რაც მე ჩამოვყალიბდი სასამართლოს ლიდერად, რომელსაც სურდა სასამართლოს კონტინგენტის შენარჩუნება, რომ მოსამართლეები დროზე ადრე არ უნდა გაეშვათ. მე ვიყავი ამის პრინციპული წინააღმდეგი. მურუსიძე პრობლემა გახდა მაშინ, როცა სასამართლოს რეალურ ლიდერად ჩამოყალიბდა”, განაცხადა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრების დაწყებამდე ლევან მურუსიძემ.
ლევან მურუსიძემ განაცხადა, რომ იგი აბსოლუტურად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმებს და მზადაა, ანგარიში ღია ეთერით ჩააბაროს საბჭოს წევრებსა და საზოგადოებას სანდრო გირგვლიანისა და სულხან მოლაშვილის საქმეებზე.
“კამერები შემოიტანეთ ყველამ, ეს გავიდეს პირდაპირ ეთერში და მე დავამტკიცებ, რომ წლების განმავლობაში, რასაც ჩემზე საუბრობდნენ პოლიტიკური პარტიები, რომ თურმე მე ვარ გირგვლიანის საქმის მთავარი დამნაშავე და თვითონ რეალურად ყველაფერზე ხელს იწმენდნენ, საზოგადოებას საშუალება მიეცემა, რომ გაიგოს რაში მდგომარეობს სინამდვილე. იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ რაზეც მედავებიან, არის აბსურდული სამართლებრივი კუთხით”, განაცხადა ლევან მურუსიძემ.
უზენაესი სასამართლოს ყოფილ წევრს, ლევან მურუსიძეს 2007 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული გადაწყვეტილებაში, რომლითაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ პირებს სასჯელი შეუმცირდა. თავად მურუსიძის პოზიციია, რომ მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩოებში სასამართლოს სხვა გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო.
არასამთავრობოთა ნაწილის გარდა, დღეს კრიტიკული განცხადება მურუსიძის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე ასევე გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა.ის იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებს, რომ ლევან მურუსიძე უვადოდ არ დანიშნონ. აცხადებს, რომ პარლამენტის მიერ კონკრეტული კრიტერიუმების ჩამოყალიბებამდე, საბჭომ ამ გადაწყვეტილების მიღებისგან თავი უნდა შეიკავოს. გოგიჩაიშვილის თქმით, მას არ ჰგონია, რომ მურუსიძეს უვადო მოსამართლეობის მორალური უფლება ჰქონდეს.
რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციას, კოალიციამ “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” შეშფოთება გამოთქვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე, ყოველგვარი პროცედურების გარეშე ისეთი კანდიდატების წარდგენის გამო, რომელთა უმეტესობა საზოგადოებაში ასოცირდება უკანონო და უსამართლო მართლმსაჯულების განხორციელებასთან. კოალიციის შეფასებით, პარლამენტის მიერ ამ კანდიდატების არჩევა გამოიწვევს სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობის გაძლიერებას და მომდევნო ათწლეულების განმავლობაში შეუძლებელს გახდის სასამართლოს დამოუკიდელბლობის მიღწევას.
ამავე თემაზე:
კრიტიკის ქარცეცხლში გატარებული მოსამართლეების საკითხის განხილვა პარლამენტმა გადადო
ეკა ბესელიამ თანამდებობა დატოვა (ვიდეო)
ომბუდსმენი პარლამენტს მოსამართლეების განხილვის პროცესის შეჩერებას სთხოვს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ბრალდებებს პასუხობს
პენალტი “ქართული ოცნების” კარში:უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა კანდიდატურები ცნობილია