დარჩება თუ დატოვებს “ქართულ ოცნებას” ეკა ბესელია – გამოვრიცხავ, გავუჩინარდე

დარჩება თუ დატოვებს “ქართულ ოცნებას” – ეკა ბესელიას, რომელიც საკუთარ გუნდს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების დანიშვნის გამო დაუპირისპირდა, ამბობს, რომ გადაწყვეტილებისთვის ჯერ დრო სჭირდება, თუმცა დაწყებული ბრძოლის შეწყვეტას გამორიცხავს. ბესელიას თქმით, ერთედრთი რაც აფიქრებს, არის ის რომ ის და მისი თანამოაზრეები თავისი გადაწყვეტილებით არათუ ხელს არ შუწყობენ, არამედ ყველაფერს გააკეთებენ, რათა ხელი შეუშალონ სააკაშვილის და მისი გუნდის რევანშით დაბრუნებაში.

“ეს არის მთავარი, ამიტომ სიფრთხილით ვეკიდებით ჩვენს ნაბიჯებს”, განაცხადა ბესელიამ.

როდის გამოაცხადებს თავის გადაწყვეტილებას, უახლოეს დღეებში იტყვის: “ახლა მიჭირს ამის თქმა იმიტომ, რომ ჩემს მეგობრებსაც ვესაუბრები ამის თაობაზე. ერთადერთი რამის თქმა შემიძლია – რას გამოვრიცხავ. გამოვრიცხავ დავიმალო, გამოვრიცხავ გავუჩინარდე და ვერ მიპოვოთ, გამოვრიცხავ, ბრძოლა შევწყვიტო და გავჩერდე, გამოვრიცხავ, ეს ღირებულებები შევიცვალო. ერთადერთი, რაც მაფიქრებს არის ის, რომ არცერთი ჩვენი ნაბიჯით, არცერთი ჩვენი გადაწყვეტილებით არათუ ხელს არ შევუწყობთ და არ მივეხმარებით, არამედ, ყველაფერს გავაკეთებთ ხელი შევუშალოთ სააკაშვილის და მისი გუნდის რევანშით უკან დაბრუნებას. ეს არის მთავარი, ამიტომ სიფრთხილით ვეკიდებით ჩვენს ნაბიჯებს”, განაცხადა ბესელიამ.

“თუ ყოველდღე მკითხავთ რას ვაპირებთ და რა ხდება ჩვენს გონებაში, ფიქრისთვის ნაკლები დრო დაგვრჩება. მართლა გვჭირდება ეს დრო, არ ვართ უქმად და გვაქვს შიდაკონსულტაციები, ვფიქრობთ შემდეგ ნაბიჯებზეც, რომ ეს იყოს არა ემოციური და გაბრაზებული გადაწყვეტილება, არამედ გათვლილი შედეგზე, იმ შედეგზე, რომელიც ამ პროცესს სჭირდება. დიდხანს არა, ალბათ, იმდენი დღე დაგვჭირდება, რამდენიც აუცილებელია შევჯერდეთ შემდეგ ნაბიჯებზე. ყოველთვის დგება პოლიტიკოსის ცხოვრებაში ეტაპი, როდესაც დგახარ გადაწყვეტილების წინაშე. ეს ახლა სხვა ტიპის არჩევანია ჩვენთვის, ეს არის საპასუხისმგებლო პოლიტიკური პროცესი. დრო გვჭირდება გასარკვევად, სად ვაგრძელებთ და ვისთან ვაგრძელებთ ბრძოლას იმ ღირებულებებისთვის, რომელზეც მე პირადად უარი არასოდეს მითქვამს, არ უთქამს გედი ფოფხაძეს, ლევან გოგიჩაიშვილს და სხვებს. ჩვენ არ შეგვიცვლია ღირებულებათა სისტემა. ჩემი აზრით, შეიცვალა იმ ადამიანების ხედვა, ვისთან ერთადაც მოვდიოდი. ამიტომ დგას ეს არჩევანი პირადად ჩემთვის”, თქვა ეკა ბესელიამ.