იტალიის მთელ ტერიტორიაზე 60 მილიონი ადამიანი კარანტინში მოექცა, შესაბამისად, გადაადგილება და შეკრება აიკრძალა მთელ ქვეყანაში.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ მოსახლეობას მოუწოდა, დარჩნენ სახლში, რადგან ქვეყანაში აღარ არსებობს წითელი ზონები.
„ახლა დრო არ გვაქვს. ინფექცია მზარდად ვრცელდება. კიდევ უფრო მკაცრ ზომებს მივიღებთ. ჩვენი ჩვევები უნდა შევცვალოთ, ჩვენ ყველამ უნდა გავიღოთ რამე იტალიის სასიკეთოდ. ყველანი სახლში დარჩით. გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს სამუშაოს, საგანგებო სიტუაციას, ან ჯანმრთელობას უკავშირდება“, – განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, სასწავლო პროცესი სკოლებში და უნივერსიტეტებში 3 აპრილამდე შეჩერდება. ასევე შეჩერდება ყველა სახის მასობრივი ღონისძიებების, სპორტული ტურნირების ჩატარება, მათ შორის იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის.
ამჟამინდელი ინფორმაციით, იტალიაში ბოლო 24 საათში 97 ადამიანი გარდაიცვალა, 1797 კი დაინფიცირდა. დაავადებულთა საერთო რაოდენობა მსოფლიოში ჩინეთის შემდეგ ყველაზე მაღალი – 9172-ია , გარდაცვლილი კი 463.