რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი, კონსტანტინ კოსაჩოვი სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ თურქეთი საქართველოს ნატო-ში დაჩქარებულად გაწევრიანებას მხარს უჭერს.
მისი თქმით, 2008 წლის გამოცდილება აჩვენებს, რომ უპასუხისმგებლო დაპირებები ზოგიერთ ქართველ პოლიტიკოსს თავბრუს ახვევს და სამხრეთში ვითარებას ამძიმებს. კოსაჩოვის განცხადებით, რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს მიახლოება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.
,,ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ნატო-ს წინსვლა რუსეთის საზღვრებისკენ, ეწინააღმდეგება ჩვენ ეროვნულ ინტერესებს და ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით მოვლენების ასეთ განვითარებას. რაც შეეხება თურქეთს, მე არ გავაიდეალებდი რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებს. ჩვენ ვისწავლეთ ამ ქვეყანასთან ურთიერთობა სხვადასხვა აქტუალური საკითხების მოგვარების კუთხით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყნები ერთმანეთის მსგავსი პოზიციით გამოდიან სხვადასხვა საერთაშორისო ასპექტთან მიმართებაში. ჩვენს ურთიერთობებში არის გადაუდებელი, საგანგაშო საკითხები. თუ ანკარა მხარს უჭერს ნატო-ში საქართველოს დაჩქარებულად შესვლას, ეს სინანულს იწვევს, რადგან 2008 წლის გამოცდილება აჩვენებს, რომ საქართველოსთვის უპასუხისმგებლო დაპირებები ზოგიერთ ქართველი პოლიტიკოსს თავბრუს ახვევს და სამხრეთ კავკასიის რეგიონში ვითარებას ამძიმებს“,- აცხადებს კოსაჩოვი. ამის შესახებ მან აზერბაიჯანულ გამოცემა „ჰაქინთან“ ისაუბრა.
ცნობისთვის, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 23 იანვარს განაცხადა, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატო-ს წევრი. ,,ჩვენ ვჭირდებით საქართველოს და ჩვენ გვჭირდება ისეთი მოკავშირე, როგორიც საქართველოა”,- თქვა მევლეთ ჩავუშოღლუმ.