დასუფთავების სამსახურმა პარლამენტის წინ ყველა კარავი აიღო და ტერიტორია მორეცხა

გვიან საღამოს თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან საპროტესტო კარვები აიღო და ტერიტორია მორეცხა. ამ დროისთვის რუსთაველზე, პარლამენტის წინ პროტესტის კვალი აღარ ჩანს. აქ თვეების მანძილზე იდგა მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავი, ასევე დეკანოზ მამალაძის ოჯახის კარავი. კარვების აღების მომენტისთვის ადგილზე აქტივისტები არ იმყოფებოდნენ და კარვების და ბანერების აღებას ინციდენტი არ მოყოლია, თუმცა მას შემდეგ, რაც საპროტესტო ინვენტარი დასუფთავების სამსახურმა სპეციალურ სატვირთო მანქანაში ჩააწყო, ადგილზე ელენე ხოშტარია მივიდა, რომელიც მანქანის საბარგულზე ავიდა და მას წასვლის საშუალებას არ აძლევდა. ხოშტარია ამბობს, რომ ხელისუფლებამ საახალწლო დღეები პარლამენტის წინ პროტესტის კვალის წასაშლელად გამოიყენა.