თბილისში, ბარნოვის ქუჩის 80 ნომერთან წყლის მაგისტრალური მილის დაზიანების გამო დაზარალებულებისთვის მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერის (GWP)–ს წარმომადგენლები და სპეცტექნიკა ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ რომ დაზიანება აღმოფხვრან და წყლის მიწოდება აღდგეს. ბარნოვის ქუჩაზე 900 მმ-იანი მაგისტრალური მილი, რომელიც მთაწმინდის რაიონს წყლით ამარაგებს ავარიულად გამთენიისას დაზიანდა. ბარნოვის ქუჩახე N72-დან N80-მდე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეზღუდულია. კომპანია განცხადებით, სპეციალისტები ადგილზე შეუჩერებლად იმუშავებენ და წყლის მიწოდება ხვალ გამთენიისას აღდგება. რაც შეეხება ზარალს, GWP-ში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ზუსტი ოდენობის დათვლა და ისინი მას სრულად აანაზღაურებენ.
წყლის მაგისტრალური მილის დაზიანების გამო, შენობის პირველი სართულები, საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები, სალონები და მანქანები დღეს გამთენიისას დაიტბორა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების ავეჯი და ინვენტარი.დაზარალებულები ამბობენ, რომ თავდაპირველად მათ ძლიერი ხმა გაიგონეს, რის შემდეგაც მათ სახლებში წყლის ნიაღვარი შევარდა.
წყალმომარაგება შეეზღუდათ ვაკის რაიონში, ბარნოვის, ჯანაშვილის, ნაფარეულის, თაყაიშვილის, მცხეთის, ქობულეთის, შატბერაშვილს და მიმდებარე ქუჩებს. კომპანიის ინფორმაციით, წყალმომარაგება, სამუშაოების დასრულებისთანავე ხვალ, 4 თებერვალის დილის, 09:00 საათიდან აღდგება.














