“დავინახე ის თვალები, რომელიც ვერ გატეხა ვერც „კაგებემ“ და ვერც სხვა სპეცსამსახურებმა” – მარგველაშვილი პატრიარქს შეხვდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი საპატრიარქოში იმყოფებოდა. ის ილია მეორეს შეხვდა. როგორც შეხვდრის შემდეგ მარგველაშვილმა განაცხადა, მას ზუსტად ისეთი პატრიარქი დახვდა, როგორიც იყო ბოლო ორმოცი წელიწადი.

“ჩვენ არ გვისაუბრია სინოდის თაობაზე, იყო საუბარი იმაზე, რანაირად ხედავს პატრიარქი მომავალს და დავინახე, რომ ნათლად ხედავს…დავინახე ის თვალები, რომელიც ვერ გატეხა ვერც „კაგებემ“ და ვერც სხვა სპეცსამსახურებმა“,“- აღნიშნა მარგველაშვილმა

ყოფილი პრეზიდენტი პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ, პეტრე ცაავას განცხადებებსაც გამოეხმაურა.მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ჭყონდიდის უკვე ყოფილი მიტროპოლიტის, მიერ გაკეთებული მსგავსი განცხადებები „ზურგის“ გარეშე არ კეთდება.

,,ვერ გეტყვით [ვინ არის ზურგი], იმიტომ, რომ არ ვარ ამის თაობაზე ინფორმირებული ” – თქვა გიორგი მარგველაშვილმა

ცნობისთვის, ილია II-ს მხარი დაუჭირა ყოფილმა პრემიერმა მამუკა ბახტაძემაც.

საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერი ფეისბუქგვერდზე წერს, რომ ქართული ეკლესია ყოველთვის მტრების მთავარი სამიზნე იყო, რადგან გრძნოდნენ, რომ “ერის გულისცემა სწორედ ჩვენს დედა ეკლესიაში იგრძნობოდა”.

მამუკა ბახტაძე: როგორც ეკლესიის რიგით შვილს, მსურს, ვუსურვო უწმინდეს მხნეობა
დღევანდელი სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ პეტრე ცაავამ განაცხადა, რომ ეკლესიაში მამათმავლობის ცოდვის მხილების გამო ილია მეორემ მღვდელმთავრობიდან გადააყენა.

სხდომის დატოვების შემდეგ კი აღნიშნა, რომ თავად პატრიარქია “პიდარასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი”.

მეუფე პეტრე ამბობს, რომ სიტყვა “პიდარასტიაში”, რომლითაც პატრიარქი დაახასიათა, “ჭაბუკის გამხრწნელი” იგულისხმა. მისი თქმით, ეს საეკლესიო ტერმინია.