“რუსთავი 2-ის” დაცვის თანამშრომელი გიორგი სულაშვილი, რომელსაც სპეცრაზმელის ტყვიამ თვალი დაუზიანა, 20 ივნისის ღამეს იხსენებს. გადაცემა “არჩევანში” მან დეტალურად გაიხსენა 20 ივნისის ღამეს რა ვითარებაში გაისროლეს მისი მისამართით.
გიორგი სულაშვილის განცხადებით, ის აქციაზე სხვა თანამშრომლებთან ერთად შეეცადა, ეპიცენტრიდან „კურიერის“ ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი გამოეყვანა.
„დავინახეთ მარიამი, რომელიც შუა ეპიცენტრში იდგა და ყოველ წამს შეიძლებოდა, მარიამს მოხვედროდა ის, რაც მე მომხვდა. მთელი კოლექტივი წავედით მარიამის დასახმარებლად და მარიამს რომ მივუახლოვდით, აგონიაში იყო, არ ესმოდა არაფერი, ვეძახდით. როდესაც თავი გამოვწიე, რომ უნდა დამეძახა, მარიამ, ჩამოდი, მაგ მომენტში მომხვდა ტყვია. მტკივნეული იყო. იმ მომენტში ძალიან დიდი ტკივილი მქონდა. ვეღარაფერს ვხედავდი. შევძელი გამოვბრუნებულიყავი. გონება არ დამიკარგავს. ნახევარი გზა გავიარე და შემდეგ ჩვენი თანამშრომლები დამეხმარნენ და ჩამსვეს სასწრაფოს მანქანაში. სასწრაფოს ექიმი დაიბნა, არ ელოდებოდა ამ სურათს,” – განაცხადა გიორგი სულაშვილმა.
გიორგი სულაშვილის თქმით, ოპერაცია 8 საათის განმავლობაში გაგრძელდა. მან დაკარგა თვალი და ამასთან ჩამსხვრეული ჰქონდა სახის ძვლები. მისივე თქმით, საქართველოში ოპერაციის შემდეგ ის ჯანდაცვის სამინისტრომ გერმანიაში გაუშვა სამედიცინო დახმარების გასაწევად.
„მითხრეს, რომ თავის ქალიდან უნდა აიღონ ის ძვლის ფრაგმენტი, რომ სამომავლოდ პროტეზირების დროს რაღაც საფუძველი ჰქონდეთ, რაზეც შეიძლება, რომ ის თვალი მიამაგრონ და გააჩერონ. იმიტომ, რომ, ფაქტობრივად, ქვედა ძვალი აღარ მაქვს,….გავძლიერდეთ, ვიდგეთ ერთმანეთის გვერდით ძლიერად და ვერაფერი მოგვერევა. იყოს ეს ჩემი და მაკა გომურის და სხვა დაზარალებულების ბოლო მსხვერპლი. აღარ ყოფილიყოს სხვა დაზარალებულები საქართველოში. მინდა ქართველი ხალხი გავამხნევო. მათი გვერდში დგომა მე მაძლიერებს,“ – განაცხადა გიორგი სულაშვილმა.