დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტს ავტორიზაცია შეუჩერდა. სტუდენტები დახმარებას ითხოვენ

თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები განათლების მინისტრს დახმარებას სთხოვენ. ისინი სასწავლებლის ადმინისტრაციას მათი უფლებების დარღვევაში სდებენ ბრალს და ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტს ავტორიზაცია შეუჩერდა, ადმინისტრაცია სტუდენტებს მობილობით სხვა სასწავლებელში გადასვლის საშუალებას არ აძლევს და საბუთების გაცემაზე უარს ეუბნება.

სტუდენტების ბრალდებები გაუგებარია სასწავლებლის დეკანისთვის. გულნარა იმედაშვილი უარყოფს, რომ ისინი სტუდენტებს მობილობაში ხელს უშლიან. დეკანის თქმით, იმისთვის, რომ სტუდენტებმა სხვა სასწავლებლებში გადასვლა შეძლონ, გარკვეული პროცედურებია გასავლელი, რის შემდეგაც მსურველები საბუთების გატანას თავისუფლად შეძლებენ.

დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტს ავტორიზაცია 2019 წლის 20 დეკემბერს გაუუქმდა. მიზეზი კი, როგორც ავტორიზაციის სამმართველოში განმარტავენ, სტანდარტებთან შეუსაბამობა გახდა. საუბარია დარღვევებზე, რომელიც დაწესებულების სტრუქტურაში, მატერიალურ და ადამიანურ რესურსში გამოვლინდა. ავტორიზაციის აღდგენაზე სასწავლებელი დავას სასამართლოში განაგრძობს.

დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტებსა და ადმინისტრაციას შორის დაპირისპირებაზე ინფორმირებული არიან განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში. ცენტრის ხელმძღვანელი დღეს სტუდენტებს შეხვდა და კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ ყველა მათგანს დაეხმარებიან და სხვა სასწავლებელში გადაიყვანენ.

300-მდე სტუდენტი ჯერ ისევ დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტში ირიცხება, თუმცა 15 თებერვალს სასწავლებელი ფუნქციონირებას ოფიციალურად შეწყვეტს. ადმინისტრაცია სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება, სტუდენტები კი ახალ სასწავლებლებში გადანაწილებას.