დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე განხორციელებულ შესაძლო ძალადობის საქმეზე ტელეწამყვანს და მსახიობს შორენა ბეგაშვილს დაკითხავენ. ამის შესახებ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა ელისო რუხაძემ გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„დავით ბაგრატიონი ითხოვდა გარკვეული უპირატესობის აღიარებას. ძალადობა იყო ხერხი, მიზანი კი ის, რომ ანას კონკრეტულ დოკუმენტზე მოეწერა ხელი. ძალადობა ხშირი იყო, პირველად 2009 წელს, როცა თვე-ნახევრის დაქორწინებული იყვნენ.
ქალბატონი შორენა ბეგაშვილიც ამბობს, დავით ბაგრატიონი მცემდაო, ეს ყველამ მოისმინა ტელეეკრანიდან. გამოძიება გამოჰკითხავს ბეგაშვილსაც და კიდევ სხვა ქალს, რომელიც ამბობს, რომ დავით ბაგრატიონი მასაც სცემდა. შესაძლოა დავით ბაგრატიონი არა მხოლოდ ანამ, სხვებმაც ამხილონ ძალადობაში. ანა ბაგრატიონს სხეულზე 30-ზე მეტი დაზიანება ჰქონდა, უმოწყალოდ იყო ნაცემი. ჯერ მუშტებით სცემა და წაქცეულს ბოტასით შედგა და წიხლები ურტყა. ძალიან კარგად იცის ბატონმა დავითმა ეს და წასვლით თავის დაძვრენა სცადა,“ – განაცხადა ელისო რუხაძემ.
შეგახსენებთ, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა საქართველო დატოვა და ესპანეთში გაემგზავრა. ქვეყნიდან წასვლის მიზეზად მუხრანელის ადვოკატმა ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. ადვოკატმა ასევე განაცხადა რომ დავით ბაგრატიონი პოლიციაში გამოცხადებას არ აპირებს, რადგან ეს მისთვის დამამცირებელია.