დავით გარეჯაში საქართველოს მოქალაქემ მესაზღვრე მძევლად აიყვანა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით, საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე, საქართველოს მოქალაქე გ.ი. დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დღეს, 14 იანვარს, საქართველოს მოქალაქე – გ.ი. იმყოფებოდა სასაზღვრო ზონაში.

„მან ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის გამოყენების მუქარით, ქართველი მესაზღვრე აიძულა, გადაადგილებულიყვნენ საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთის მიმართულებით. ინციდენტის განმავლობაში გ.ი.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ გაისროლა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების ოპერატიული და ეფექტიანი მუშაობის შედეგად, სიტუაცია დროულად განიმუხტა. ამ დროისთვის ინციდენტი სრულად ამოწურულია.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ი” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ეფექტიანი თანამშრომლობისთვის აზერბაიჯანელ კოლეგებს მადლობა გადაუხადა“, – ნათქვამია განცხადებაში.