“დავით გარეჯი ჩვენია“ – ამ ლოზუნგით ანტისაოკუპაციო მოძრაობა და სამოქალაქო აქტივისტები დავით გარეჯში ჩავიდნენ. ისინი თვლიან, რომ ხელისუფლება პრობლემას ვერ აგვარებს და ამ ტერიტორიაზე პერიოდულად პატრულირებას გეგმავენ. მანამდე ანტისაოკუპაციო მოძრაობამ გარეჯთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა:
“მოგეხსენებათ, პრობლემის წამოჭრის მომენტიდან ჩვენ ჩავერთეთ ამ პროცესში. დღეისათვის დავით-გარეჯის დასაცავად გააქტიურდა სამოქალაქო საზოგადოების არაერთი სხვადასხვა ჯგუფი, რომლებსაც საკითხის გადაწვეტის სხვადახვა მიდგომა აქვთ. შესაბამისად გვინდა მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია.
კონფლიქტის მეორე მხარე საქართველოს მეგობარი ქვეყანაა, რომელმაც არაერთხელ გამოგვიწოდა დახმარების ხელი, განსაკუთრებით კი 2006 წელს. დღეს საქართველოს ურთიერთობის დაძაბვა აზერბაიჯანთან პირველ რიგში რუსეთის ინტერესებში შედის. არ არის გამორიცხული, რომ ამ ესკალაციის მიზანი სოკართან კავშირის გაწყვეტა და ქვეყნის გაზპრომზე დამოკიდებულების დაბრუნება იყოს, რაც ჩვენს პოლიტიკურ დამოუკიდებლობასაც შეუქმნის საფრთხეს.
ვაცნობიერებთ რა, რომ არ უნდა გავხდეთ ბრმა იარაღი ორი მეგობრის კონფლიქტით დაინტერესებული გარე თუ შიდა ძალების ხელში, ვაცხადებთ:
• ჩვენ არა მხოლოდ ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობრივ ან დისკრიმინაციულ განცხადებას თუ მოქმედებას, რომელიც საქართველოს და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის გამწვავების საფუძველი შეიძლება გახდეს, არამედ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა რესურს ასეთი პროვოკაციების აღსაკვეთად.
• ამ პრობლემის მოგვარება ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ პირველ რიგში სახელმწიფო სტრუქტურების მოვალეობაა და მათ აქვთ ამისათვის ყველა ბერკეტი. ამ დღეების განმავლობაში მთავრობის გაჟღერებული (და უფრო მეტად არ(!) გაჟღერებული) პოზიცია ჩვენს და მთლიანად სამოქალაქო საზოგადოების უნდობლობას იწვევს. მოვითხოვთ მთავრობის პასუხს თუ ვინ არის ჩართული მოლაპარაკებებში და რა სტადიაზეა პროცესი.
• ისევე, როგორც ატოცში, კოდაში თუ ხურვალეთში ჩვენ ვმოქმედებთ პოლიციასთან შეთანხმებით, დავით-გარეჯში პატრულირება განხორციელდება იქ დისლოცირებულ მესაზღვრეებთან ერთად.
• მოვითხოვთ შეიქმნას საკითხის შემსწავლელი და შესათანხმებელი ორმხრივი ახალი კომისია, რომელშიც სპეციალისტებთან ერთად შევა ჩვენი ნდობით აღჭურვილი პირი/მოძრაობის წარმომადგენელი.
• და მთავარი – ჩვენი მოთხოვნა სახელმწიფოს მიმართ არ გულისხმობს მხოლოდ მწვავე დაპირპისპირების განეიტრალებას, არამედ ამ საკითხის ერთხელ და სამუდამოდ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით გადწყვეტას, რომ მომავალში დავით-გარეჯი ვეღარ გახდეს რომელიმე შიდა თუ გარე პოლიტიკური ძალების სპეკულაციის და საერთაშორისო კონფლიქტის საბაბი.
• სრული კატეგორიულობით ვაცხადებთ, რომ ჩვენი აქტივობა არამც და არამც არ იქნება აგრესიის შემცველი ქართველი ან აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიმართ.“ – ნათქვამია მოძრაობის განცხადებაში.