დავით გარეჯი სადავო ტერიტორიად 100 წლის წინ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით იქცა. საბჭოთა საქართველომ მაშინ საბჭოთა აზერბაიჯანს მიწა და მასთან ერთად ხალხი და ტაძრები გადასცა. მას შემდეგ აზერბაიჯანი პოზიციას არ ცვლის და საზღვრების გადახედვაზე უარს ამბობს.
ყველაფერი სწორედ 100 წლის წინ დაიწყო. გასაბჭოებამდელ რუკაზე საქართველოს 16 კილომეტრით მეტი უჭირავს, აზერბაიჯანს – ამდენივეთი ნაკლები. ქართულმა მხარემ 1921-24 წლებში მეზობელ აზერბაიჯანს ზაქათალის ოლქი და ყარაიას საძოვრები გადასცა. მაშინ არავის უფიქრია, რომ მიწებში გარეჯის 24 მონასტრიდან სამი – ბერთუბნის, უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრები მოხვდა.
1980-იან წლებში საბჭოთა საქართველოს ხელისუფლება შეცდომის გამოსწორებას შეეცადა. აზერბაიჯანის რესპუბლიკას გარეჯის სანაცვლოდ სხვა მიწები შესთავაზა, მაგრამ მტკიცე უარი მიიღო. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შეიქმნა ორმხრივი კომისია, რომელსაც ორ ქვეყანას შორის ზუსტი საზღვარი უნდა დაედგინა. კომისიას, რომელიც დღემდე არსებობს, შედეგი არ დაუდია.
საქართველოს ვერც ერთმა მთავრობამ ვერასდროს ვერ შეძლო ბერთუბნის, უდაბნოსა და ჩიჩხიტურის საკითხის არათუ ჩვენს სასარგებლოდ, საერთოდ რაიმე ფორმით გადაწყვეტაც კი.
სასულიერო პირები და მეცნიერები ეძებენ რუკებს, სამეცნიერო კვლევებს და იურიდიულ ფორმებს იმისთვის, რომ ხელისუფლებას გარეჯის საუკუნოვანი დავის გადაწყვეტაში დაეხმარონ. აზერბაიჯანელი მესაზღვრეები პირველად 2005 წელს გააქტიურდნენ, როდესაც გარეჯის ბერებმა ჩიჩხიტურში სამონასტრო ცხოვრების აღდგენა გადაწყვიტეს და მონასტრის კოშკის რესტავრაცია დაიწყეს. იქით აზერბაიჯანელი და აქეთ ქართველი მოსაზღვრეები ჩადგნენ, მაგრამ არც ერთმა არ იცოდა, ზუსტად სად იყო საქართველო და საიდან იწყებოდა აზერბაიჯანი. 2012 წელს კი კრიზისი განახლდა.
გარეჯის მცოდნეები და მკვლევარები კი ამბობენ, რომ სამეცნიერო დიპლომატიის რესურსი ამოწურულია. ლადო მირიანაშვილი განსაკუთრებული ოპტიმიზმით არც მამა კირიონის აღმოჩენილ რუკას უყურებს, მაგრამ სჯერა, რომ გამოსავალი არსებობს.
ასეთი ხელშეკრულების თანახმად, შესაძლოა, ერთი ქვეყანა მეორე ქვეყნის მიწაზე ფლობდეს და საკუთარი იურისდიქციით განკარგავდეს ძეგლებს ისე, როგორც ამას აკეთებს იტალია ვატიკანის ტერიტორიაზე. მაგრამ, ვიდრე მსოფლიო პრეცედენტებს საქართველოს ხელისუფლება ჯერ შეისწავლის და შემდეგ განახორციელებს, გარეჯის მთა ორ ქვეყანას შუა რჩება.