დავით გარეჯის დაცულ ტერიტორიად გადაქცევა, გონიერი და ანგარიშგასაწევი პოზიციაა, თუ ხელისუფლება ამაზე წამსვლელია და კომისიები მუშაობენ ქართულ-აზერბაიჯანულ დონეზე, მათ უნდა დავუსვათ კითხვა – განიხილებოდა თუ არა საერთოდ ეს ვარიანტი, – ამის შესახებ კონლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რითაც ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის ინიციატივას გამოეხმაურა დავით გარეჯის დაცულ ტერიტორიებად გამოცხადების თაობაზე.
პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ანა დოლიძის მიერ დღეს დაყენებული ინიციატივა ექსპერტულ წრეებში დიდი ხანია განიხილება. ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ „იუნესკო“ და სხვა ბუნების დაცვითი საერთაშორისო ორგანიზაციები „სიამოვნებით ჩაერთვებოდნენ აღნიშნული პროექტის განხორციელებაში“.
„ეს წინადადება დიდი ხანია მაგიდაზე დევს და ობიც კი მოეკიდა. ვთვლი, რომ სტატუს-კვოს შენარჩუნება სჯობს, ვიდრე სახელმწიფო საზღვრის გამო დაძაბულობის შექმნა. დავით გარეჯის დაცულ ტერიტორიებად გადაქცევა არის ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც რატომღაც წინ ვერ მიდის. ექსპერტების და ეკოლოგების დონეზე იყო შემოთავაზება, რომ ეკოლოგიური არეალი უფრო ფართოა ამ რეგიონის, ვიდრე სამონასტრო კომპლექსის და შეიძლება ამ კონტექსტში ყოფილიყო გააზრებული. მგონია, რომ ეს გონიერი და ანგარიშგასაწევი პოზიციაა და თუ ხელისუფლება ამაზე წამსვლელია და კომისიები მუშაობენ ქართულ-აზერბაიჯანულ დონეზე, მათ უნდა დავუსვათ კითხვა-განიხილებოდა თუ არა საერთოდ ეს ვარიანტი. თუ განიხილებოდა და სხვადასხვა მიზეზების და დასაბუთებული არგუმენტების გამო იქნა უარყოფილი. საჭიროა ამაზე ხელისუფლებამ პასუხი გასცეს და მსჯელობა მაინც დაიწყოს. ქართულ და აზერბაიჯანულ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს პასუხი მიდის თუ არა ამაზე მსჯელობა, თუ მიდის და მიდიოდა, რატომ ეთქვა უარი თავის დროზე, ან ახლა რატომ ეუბნებიან უარს. ანუ, რა პლუსები და მინუსები აქვს, შეიძლება დამაჯერებელი არგუმენტები იყოს, მაგრამ მე ვერ ვხედავ დამაჯერებელ არგუმენტებს“, – აცხადებას პაატა ზაქარეიშვილი.