დავით გარეჯის საკითხზე პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებენ

„ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატები პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებენ. ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ დავით გარეჯის საკითხზე მმართველი პარტიის მითითება, რომ ყველა გაჩუმდეს, სწორი არ არის.
„პოზიცია, რომ მოდი ჩუმად ვიყოთ და ხმა არ ამოვიღოთ, ეს არ არის სწორი. შესახვედრია იმ საბჭოსთან, რომელიც ამ საკითხზე საუბრობს, პრემიერი მოდის პარლამენტში და ეს კითხვები იქნება, კარგი იქნება თუ მოვა საგარეო საქმეთა მინისტრი,“-ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი.
კანონმდებლების შეფასებით, მამუკა ბახტაძემ და დავით ზალკალიანმა უნდა განმარტონ, დავით გარეჯთან მიმართებაში რა თემებზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები აზერბაიჯანულ მხარესთან.
გარდა ამისა, დეპუტატების ნაწილი აცხადებს, რომ პარლამენტმა ერთობლივი დოკუმენტი უნდა მიიღოს, რითაც ის დავით გარეჯში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურება.
უმრავლესობაში კი კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ რათა ვითარების ხელოვნურად დაძაბვა თავიდან აიცილონ.
„მოლაპარაკების დროს ვითარების ხელოვნურად დაძაბვა არ არის საჭირო და არ არის სახელმწიფოებრივად სწორი და გამართული. ვითარების დაძაბვის დიდოსტატები რომ არიან ჩვენი ოპონენტები, ამაში ეჭვი არც მათ მხარდამჭერებს ეპარებათ,“-ამბობს გია ვოლსკი.