დავით გარეჯის ტერიტორიაზე ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ დღეიდან პატრულირებას იწყებს

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ დღეიდან დავით გარეჯის ტერიტორიაზე პატრულირებას იწყებს.

მოძრაობის დამფუძნებელი დავით ქაცარავა მდგომარეობას საგანგაშოდ აფასებს და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

„საგანგაშო და ასე ვთქვათ ყურადსაღები იყო ის ფაქტი, რომ როდესაც მესაზღვრეებმა დაკეტეს აღდგომის ტაძართან მისასვლელი ბილიკი, სამი დღის განმავლობაში სრული ინფორმაციული ვაკუუმი იყო, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი დაკვირვება, მონიტორინგი, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ კუთხით, რომ საზოგადოება მუდმივ საქმის კურსში ვამყოფოთ იმასთან დაკავშირებით თუ რა ვითარება იქნება დავით გარეჯში,“-განაცხადა დავით ქაცარავამ.

შეგახსენებთ, რომ ვითარება დავით გარეჯში რამდენიმე კვირის წინ დაიძაბა. აზერბაიჯანული მხარის გადაწყვეტილებით, სამონასტრო კომპლექსთან მისასვლელი გზა აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ჩაკეტეს. ოთხი დღის განმავლობაში მოქალაქეებს, ტურისტებსა და სასულიერო პირებს აღდგომის ტაძართან არ უშვებდნენ. მოგვიანებით გზა გაიხსნა, თუმცა ამ დრომდე იმყოფებიან ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები.