საქართველოს საპატრიარქოში აზერბაიჯანის ელჩთან დურსუნ ჰასანოვთან და კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელის წარმომადგენელთან შეხვედრა გაიმართა, – ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ავრცელებს.
“საპატრიარქო გარეჯის მონასტერთან დაკავშირებულ პრობლემების მოგვარებაში ინტენსიურად იქნება ჩართული. 4 და 5 მაისს საპატრიარქოში შედგა შეხვედრა შეხვედრა აზერბაიჯანის ელჩთან, დურსუნ ჰასანოვთან და სრულიად კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელის ფაშა ზადეს წარმომადგენელთან ალი ალიევთან.
საკითხი ეხებოდა დავით გარეჯთან დაკავშირებულ ვნებათაღელვას. საუბარში ხაზგასმით ითქვა, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობას ესაჭიროება მოფრთხილება და დაუშვებელია დაძაბულობის გაღვივება, რომ გარეჯის სამონასტრო კომპლექსი უმნიშვნელოვანესი ქართული სიწმინდეა და შექმნილი პრობლემების გადაწყვეტა უნდა მოხდეს სასწრაფოდ”, – წერს დეკანოზი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.