დავით გარეჯში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს


დავით გარეჯში ვითარება გუშინ ღამე დაიძაბა. ადგილზე იმყოფებიან   სამოქალაქო აქტივისტები, რომლებმაც აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ ტაძრებიდან გამოტანილი ხატები ისევ სალოცავებში დააბრუნეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას და სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფებს მოუწოდებს, საზღვრის დელიმიტაციის კომისიებს მშვიდ ვითარებაში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა მისცენ.

უწყების ინფორმაციით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით-გარეჯის მონაკვეთზე ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტს ადგილობრივებსა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის. თუმცა, ვითარება დროულად განიმუხტა და ახლა ადგილზე სრული სიმშვიდეა.

“ფაქტის შესწავლა დაწყებულია. მოვუწოდებთ საზოგადოებას, სამოქალაქო ჯგუფებს, მივცეთ საზღვრის დელიმიტაციის კომისიებს მშვიდ ვითარებაში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა, რათა დროულად შევძლოთ შეთანხმების მიღწევა,”-აცხადებენ შსს-ში.