დავით გარეჯში დაგეგმილ მსვლელობაში მონაწილეებმა შეკრება დაიწყეს – ადგილზე პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა

დავით გარეჯში დაგეგმილ მსვლელობაში მონაწილეებმა შეკრება დაიწყეს. ადგილზე სამართალდამცველთა განსაკუთრებული მობილიზებაა. პოლიციელები ამბობენ, რომ საფრთხე მოსალოდნელი არ არის, თუმცა ხალხმრავლობის გამო გაძლიერებულია პატრულირება.
სამონასტრო კომპლექსზე ნაწილობრივ მოხსნილია შეზღუდვა აღდგომის ტაძრისა და უდაბნოს მონასტრისკენ მიმავალ ბილიკებზე. თუმცა, როგორც ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები ამბობენ, ამ დროისთვის ჩაკეტილია ჩიჩხიტურის კოშკამდე მისასვლელი ბილიკი.
მასშტაბური მსვლელობა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანელი აქტივისტები, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას დავით გარეჯში აპირებდნენ.
უკვე ცნობილია, რომ აქცია-მსვლელობაში მონაწილეობას 9 ეპარქია მიიღებს. სასულიერო პირები ამბობენ, რომ ამ აქციით სურთ ხელისუფლებას და აზერბაიჯანელ მეგობრებს აჩვენონ, რომ ქართული საზოგადოება დავით გარეჯს არ დათმობს.
„მთავარი შემადგენელი ნაწილი დღევანდელი დღის არის ის, რომ ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებამდე მივიდეს ჩვენი ხმა იმასთან დაკავშირებით,რომ გარეჯს საქართველო ვერ დათმობს ამის უფლება არც მორალური არც ისტორიული ჩვენ არ გვაქვს,“-ამბობს მამა ზაზა.