დავით გარეჯში ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება მთავრობასთან შეთანხმებული იყო-პრეზიდენტის პრესსპიკერი

“დავით გარეჯში სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებული იყო”, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა.

“პრეზიდენტის სახელით მინდა დაგიდასტუროთ, რომ ყველა აქტივობა, ყველა მოლაპარაკება, ყოველთვის არის კანონთან სრულ შესაბამისობაში და შეთანხმებული შესაბამის უწყებებთან. ეს კონკრეტული განცხადება იყო შეთანხმებული საქართველოს პრემიერ-მინისტრთან“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი 22 აპრილს დავით გარეჯში ჩავიდა და ქართველ მესაზღვრეებს შეხვდა. შეხვედრისას პრეზიდენტმა თქვა, რომ საზღვრის დადგენის საკითხი სასწრაფოდ მოსაგვარებელი იყო.

ამ განცხადების შემდეგ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა გადაკეტეს.  დავით გარეჯის ირგვლივ განვითარებული მოვლენები სწორედ პრეზიდენტის განცხადებას დაუკავშირეს.