ტელეკომპანია ფორმულას 51%–ის მფლობელმა, დავით კეზერაშვილმა კომპანიის დანარჩენ მეწილეებს წილების გაყიდვა აუკრძალა. წილზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულება საჯარო რეესტრში უკვე ასახულია.
შპს ფორმულას წილები ასეა გადანაწილებული:
მიხეილ მშვილდაძე – 12.25%
ირაკლი საღინაძე– 12.25%
ზურაბ გუმბარიძე – 12.25%
გიორგი ლიფონავა – 12.25%
დავით კეზერაშვილი – 51%
რეესტრის ამონაწერში კრედიტორად დავით კეზერაშვილია მითითებული, დანარჩენ პარტნიორებს კი აეკრძალათ შპს „ფორმულა“-ს კაპიტალში მათ საკუთრებაში არსებული წილების გასხვისება, გადაცემა, დაგირავება ან რაიმე უფლებით დატვირთვა, მაჟორიტარი პარტნიორისადმი – დავით კეზერაშვილისადმი ნაკისრი ფინანსური ვალდებულებების სრულად დაფარვამდე.
ვალდებულების მოცულობა უცნობია.
ტელევიზიის შექმნის სურვილი თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მას შემდეგ გამოხატა, რაც ტელეკომპანია რუსთავი2 ქიბარ ხალვაშის მფლობელობაში გადავიდა.
კეზერაშვილი გამოაქვეყნა განცხადება იმის შესახებ, რომ ბოლო პერიოდის მოვლენებმა ბევრი რამ ახლებურად დაანახა და საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობისკენ უბიძგა. 2019 წლის აგვისტოს ბოლოს კი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ტელეკომპანია „ფორმულის” 51%-იანი წილის მესაკუთრე გახდა. ფორმულას დანარჩენი მეწილეები ფორმულა კრეატივის გუნდის წევრები არიან, რომლებიც მანამდე რუსთავი2–თან თანამშრომლობდნენ. ტელეკომპანია დავით კეზერაშვილმა დააფინანსა.
2012 წლის შემდეგ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურამ რამდენიმე საქმეზე დაიწყო დევნა, თუმცა ის დღეისთვის არც ერთ მათგანზე არ არის მსჯავრდებული. კეზერაშვილი სასამართლომ მათ შორის ისეთ საქმეებზე გაამართლა, როგორიცაა, „ტელეიმედის“ გასხვისება, აგრეთვე ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული და მასთან დაკავშირებულ კომპანია Girwood Business Corp-ს საქმე, რომელშიც პროკურატურა სახელმწიფოს კუთვნილი 5 685 000 ევროს გაფლანგვას ედავებოდა.
ბოლო წლებში საქართველოს პროკურატურამ კეზერაშვილის ექსტრადიცია ორჯერ მოითხოვა, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთისგან, თუმცა, არცერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.