ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ მისი გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენა და 5 ათას ლარიანი გირაო მოითხოვა. კირკიტაძე ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკურ დევნას აქვს ადგილი და არავითარი თავდასხმა მისი მხრიდან პოლიციის თანამშრომელზე არ მომხდარა.
“არ ჩამიდენია ის, რასაც მაბრალებენ და თავს დამნაშავედ არ ვცნობ. თუკი ვინმე კანონს და კონსტიტუციას არღვევდა, ეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო”, განაცხადა კირკიტაძემ.
დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს – დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კირკიტაძე და გუსაევი ველისციხეში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ დააკავეს.