დავით კირკიტაძე საპროცესო გარიგების შედეგად გაათავისუფლეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე გაათავისუფლეს.გადაწყვეტილება გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გამოაცხადა.
პროკურატურამ მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმა. ბრალდების მხარემ გურჯაანის სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, რომ კირკიტაძე იქნეს დამნაშავედ მიჩნეული და სასჯელის სახით შეეფარდოს 2-წლიანი პირობითი სასჯელი. საპროცესო გარიგების პირობებს დაეთანხმა ბრალდებული და მისი უფლებადამცველი.
დავით კირკიტაძეს 16 დეკემბერს ველისციხის ინციდენტის დროს პოლიციელზე თავდასხმას, წინააღმდეგობის გაწევასა და შსს-ს კუთვნილი ტექნიკის დაზიანებას ედავებიან.
დავით კირკიტაძის სასამართლო სხდომა ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე გაიხსნა. სასამართლოზე მოწმის სახით ჩვენება მისცა ბრალდებულმა. კირკიტაძის გამოკითხვა ბრალდების მხარის შუამდგომლობით მოხდა. პროკურორის კითხვაზე, აღიარებს თუ არა ის წარდგენილ ბრალდებას, დავით კირკიტაძემ უპასუხა, რომ ბრალს აღიარებს.