“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, დავით კირკიტაძის საქმის განხილვა გურჯაანის სასამართლოში მიმდინარეობდა. სხდომის მიმდინარეობის დროს მოსამართლეს ბრალდებულმაც მიმართა:
“ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩემს საქმეს განიხილავს მოსამართლე, რომელიც 15 თებერვლიდან უვადოდ არის დანიშნული. დღეს თქვენი გადაწყვეტილება იქნება ტესტი იმისა, რამდენად უზუნველყოფს უვადოდ დანიშვნა მოსამართლის დამოუკიდებლობას და აქვს თუ არა მორალური უფლება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, გააგრძელოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა. მოუთმენლად ველი თქვენს გადაწყვეტილებას. მადლობას ვუხდი თითოეულ მოქალაქეს და თითოეულ პარლამენტის წევრს, რომელმაც აიღო პასუხისმგებლობა და თავდებში ჩამიდგა”, განაცხადა კირკიტაძემ.
დაცვის მხარე ითხოვდა, რომ კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა შეეცვალოს. ადვოკატ გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, სასამართლოსთვის წარსადგენად მოამზადეს 15 ათასამდე მოქალაქის და პარლამენტის 27 დეპუტატის მიერ ხელმოწერილი თავდების წერილები, თუმცა მოსამართლის განმარტებით, თავდებობა სათანადოდ არ იყო მომზადებული.
ადვოკატის განცხადებით, წინა სხდომაზე, რომელიც 12 თებერვალს გაიმართა, მოსამართლემ დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა მიმალვის საფრთხის გამო, რაც კონდახაშვილის შეფასებით, მხოლოდ ჰიპოთეტური, არარსებული საფრთხეა.
საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრს, ქვემო ქართლის ყოფილ გუბერნატორს, დავით კირკიტაძეს ბრალად ედება 2018 წლის 16 დეკემბერს, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, სოფელ ველისციხეში “ნაციონალური მოძრაობის” საპროტესტო აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმა და სხვისი ქონების დაზიანება. ეს დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
“ნაციონალური მოძრაობა” კირკიტაძეს მიიჩნევს პირად, პოლიტიკურ პატიმრად ივანიშვილის.














