მიხეილ კალანდიას საქმე სტრასბურგისთვის ემზადება – ამის შესახებ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ განაცხადა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც სახელმწიფოს შიგნით ყველა სამართლებრივი გზა ამოიწურება, ისინი სტრასბურგს მიმართავენ. ადვოკატი აცხადებს, რომ მიხეილ კალანდიას იარაღი არ სჭერია და ის ურტყამდა დავით სარალიძეს მხოლოდ მუშტს.
„გამორიცხულია კალანდიას პირობებში რაიმე საპროცესო შეთანხმება. ეს შეიძლება მხოლოდ ელაპარაკო ადამიანს, რომელსაც დანაშაული აქვს ჩადენილი. მიხეილ კალანდიას არანაირი იარაღი ხელში არ ჰქონია. ის ურტყამდა დავით სარალიძეს, მაგრამ ურტყამდა მხოლოდ მუშტს, რამეთუ ეშველა თავის მეგობრისთვის, რომელიც იყო საშინელ მდგომარეობაში აღმოჩენილი. პირდაპირ გეტყვით ზაზა სარალიძის და მის უკან მდგომი პოლიტიკური პარტიების სასიამოვნოდ, რომელსაც ჰქონდა ჯენტლმენური გარიგება მანამდე და იმის გახორციელება მოხდა მოსამართლე მარსაგიშვილის ხელით. ჩვენმა ზოგიერთმა ბინძურმა პოლიტიკურმა პარტიამ, არასამთავრობო ორგანიზაციამ გადაწყვიტეს გაუბედურებული ადამიანის მხარზე პოლიტიკური დივიდენდების აგორება, დაარწმუნეს ეს ადამიანი, რომ აქ იმიტომ არ ხდება ზოგიერთი საკითხი, რომ ამ ბავშვის უკან არის მირზა სუბელიანი, რომელსაც გააჩნია ივანე მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრები და მოდი ეს გამოვიყენოთო, დაარწმუნეს ეს ადამიანი, რომ კალანდიას იმიტომ არ აძლევენ პასუხისგებაში, რომ მირზა სუბელიანი დაემუქრა ხელისუფლებას, თქვენ თუ კალანდიას დაიჭერთ, მე ტრაპიზონში მაქვს კადრები. ამან იმუშავა ყველაზე მეტად“,- განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ სასამართლომ მიხეილ კალანდია დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა.