“დავით სარალიძის მკვლელობა აღიარა”- ხორავას საქმის მსჯავრდებულთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა

დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.

აღნიშნულის შესახებ საქმის პროკურორმა ნადირაძემ ჟურნალისტებს უზენაეს სასამართლოში პროცესის დაწყებამდე განუცხადა.

როგორც პროკურორი განმარტავს, გიორგი ჯანაშიამ დავით სარალიძის მკვლელობა აღიარა.

2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი არასრულწლოვანი – გიორგი ჯანაშია და გუგა ბარბაქაძე არიან მსჯავრდებულები. დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ასევე მიხეილ კალანდია, რომლის საქმესაც თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ჯანაშიას 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გუგა ბარბაქაძეს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით, გიორგი ჯანაშია ცნობილ იქნა დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ხოლო, გუგა ბარბაქაძე ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში.