დავკარგე ოჯახი, დავკარგე მომავალი- კაცი, რომელმაც ცოლ-შვილი ირანის ავიაკატასტროფისას დაკარგა

შაჰინ მოგადამმა ცოლი და მცირეწლოვანი შვილი უკრაინული ბოინგის ჩამოგდებისას დაკარგა.

,,მინდა, მსოფლიომ იცოდეს, როგორი ანგელოზი იყო ჩემი ცოლი, შვილი კი ნამდვილი საგანძური”,- ამბობს შაჰინი.

ირანმა თვითმფრინავი 8 იანვარს ჩამოაგდო. ბორტზე მყოფ 176 მგზავრს შორის იყვნენ შაჰინის ცოლ-შვილი, შაკიბა და როსტინი.

,,მე დავკარგე მთელი ჩემი ცხოვრება, აღარ მყავს ოჯახი, აღარ მაქვს მომავალი. ღმერთმა წაიყვანა ისინი ჩემგან”, – ამბობს შაჰინი CBS-თან ინტერვიუში.

მისი ცოლი, ფეღატ შაკიბა 40 წლის იყო. ისინი 14 წლის წინ დაქორწინდნენ, 7 წლის შემდეგ კი საცხოვრებლად კანადაში გადავიდნენ, სადაც ფეღატმა იორკის უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა.
,,ჩემი მეუღლე სულ იღიმოდა, იცინოდა, ყოველთვის გვერდში მედგა, როგორი ძვირფასი იყო ჩემთვის…”- იხსენებს შაჰინი.

მათი შვილი, როსტინი 10 წლის იყო, როცა ავიაკატასტროფამ იმსხვერპლა. როგორც მამისი ამბობს, მას ძალიან უყვარდა ცურვა, ფორტეპიანოზე დაკვრა, ჩემპიონი იყო ტაეკვანდოში და 4 ენაზე საუბრობდა. ,,საოცარი იყო ჩემი ბიჭი, ჭკვიანი და მშვენიერი”.

შაჰინმა ცოლ-შვილი ბოლოს 10 დეკემბერს ნახა, როსტინის დაბადების დღის მომდევნო დღეს,შემდეგ როსტინი და ფეღატი ირანში გაემგზავრნენ. ფეღატს დასვენების დღეების ოჯახთან გატარება უნდოდა, შაჰინმა კი შინ დარჩენა და სახლისთვის მიხედვა არჩია.

შაჰინი იხსენებს, რომ ავიაკატასტროფამდე, თვითმფრინავში ჩასხდომის დროს ცოლ-შვილს ბოლოჯერ ესაუბრა.

,,ჩემთვის ცხოვრება დასრულებულია, არც იმედი მაქვს, არც სურვილები, აღარაფერი დამრჩა საცხოვრებლად”,- ამბობს შაჰინ მოგადამი. 

კანადის პრემიერმა მასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ოჯახებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ სრული სიმართლე, როგორ მოხდა ეს საშინელი ტრაგედია.

8 იანვარს ირანის რევოლუციურმა გვარდიამ უკრაინული თვითმფრინავი ჩამოაგდო. მას ირანმა ,,ადამიანური შეცდომა” უწოდა.