“დავპატიჟებ მხოლოდ ზრდასრულ მამაკაცებს, ბავშვები და ქალები სახლში დარჩნენ“- ვასაძე პრაიდის წინააღმდეგ კონტრაქციას აანონსებს.
ბიზნესმენი მთავრობის კანცელარიასთან პრაიდის ორგანიზატორების საწინააღმდეგო აქციაზე იმყოფება.
„არ დავუშვათ გარყვნილების არანაირი საჯარო დემონსტრაცია საქართველოში არასოდეს, არც ერთი ფორმით, არც მოედანზე, არც მთაში, არც სასტუმროში, არც კინოთეატრში, არც ტყეში, არც ტბაზე. ჩვენ არ დავუშვებთ არც კვირეულს, არც შვიდწამეულს, არც შვიდღეულს, არც შვიდწლეულ, ეს არასოდეს არ მოხდება. როგორ აღვუდგებით ამას ჩვენ წინ, ამის შესახებ ჩვენ გავაკეთებთ განცხადებას. არ ვიცი ეს სიტყვები ლგბტ, მე ვიცი, რომ ის ადამიანი, ვინც გამოდის და საჯაროდ აბუჩად იგდებს მრავალსაუკუნოვან ქართულ ტრადიციულ ღირებულებებს, არღვევს წესრიგს, რომელიც ჩვენ მოგვდგამს. წესრიგის დარღვევა ემუქრება საქართველოს სახელმწიფოებრიობას, რადგან აუცილებლად გამოიწვევს ჩვენს სამუდამო განადგურებას რეპუტაციული თვალსაზრისით იმ რეგიონში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.
როგორც ვასაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საჯაროდ გაამხელენ სამოქმედო გეგმას, თუ როგორ გეგმავენ აღკვეთონ პრაიდის ჩატარება.
“ჩემი დაპატიჟება ძირითადად მამაკაცებს შეეხება. ის გასაკეთებელი, რაც ჩვენ გვექნება, კაცების გასაკეთებელი იქნება. რა უნდა გავაკეთოთ და როგორ, ყველაფერს აქციაზე აგიხსნით. მე დავპატიჟებ მხოლოდ ზრდასრულ მამაკაცებს და ვთხოვ, რომ ბავშვები და ქალები სახლში დარჩნენ“, – განუცხადა ჟურნალისტებს ვასაძემ.