დედაქალაქის მერიის ბიუჯეტი დამტკიცებულია

{{ARTICLEIMAGE}}
თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მერიის ბიუჯეტი დაამტკიცა. საკრებულოს ოპოზიცია სხდომას პოტესტის ნიშნად არ ესწრებოდა.

“ნაციონალურმა მოძრაობამ” სხდომა დასაწყისშივე დატოვა, “ევროპული საქართველო” კი დარბაზიდან წლიური ანგარიშისა და კითხვა-პასუხის შემდეგ, სხდომის მიწურულს, შეფასებითი ნაწილის დასრულების შემდეგ გავიდა. 

მერიის ინფორმაციით, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მთლიანი მოცულობა 927, 6 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის თავდაპირველად დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით (861,6 მლნ) 66 მლნ ლარით არის გაზრდილი, ხოლო 2018 წლის დაზუსტებულ ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია 10, 8 მლნ ლარით.

მათივე ცნობით, მომავალ წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 357 მლნ ლარი, რაც 2018 წლის დამტკიცებულ მაჩვენებლებთან შედარებით 18,3 მლნ-თი მეტია, ხოლო დაზუსტებულ ბიუჯეტთან შედარებით 25,2 მლნ-თი ნაკლებია, რაც ძირითადად ავტობუსებისთვის განკუთვნილ თანხას შეადგენს. ინფრასტრუქტურული პროექტების წილი ბიუჯეტის მთლიან მოცულობაში 38,5%-ს შეადგენს.

ამასთან, მერიის ცნობით, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით გათვალისწინებულია 327,9 მლნ ლარი, რაც წინა წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 20.8 მლნ ლარით მეტია, ხოლო დაზუსტებულ ბიუჯეტთან 21,8 მლნ ლარით მეტი.

როგორც მერიაში აცხადებენ, წელს გათვალისწინებულია საბავშვო ბაგა-ბაღებისთვის სუბსიდიის ზრდა 20 მლნ ლარით. სოციალური და ჯანდაცვის წილი ბიუჯეტის მთლიან მოცულობაში შეადგენს 35,4%-ს.

“2019 წლის განმავლობაში ბიუჯეტის მოცულობა მილიარდ ლარს გადააჭარბებს. სპეციალური ტრანსფერის სახით დაემატება მინიმუმ 75 მლნ, ასევე, გარდამავალი ნაშთი. შესაბამისად, ინფრასტრუქტურული პროექტების წილი ბიუჯეტის მოცულობაში გაიზდება 43,1%-ით (432 მლნ ლარი), ხოლო სოციალური და ჯანდაცვის მიმართულების წილი 32,7%-მდე შემცირდება.

საკრებულოში წარდგენილია ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტის შემოსულობები იზრდება 170 მლნ ლარით და შეადგენს 1 მილიარდ 86,9 მლნ ლარს. აქედან ავტობუსების შესაძენად გამოყოფილია 79,6 მლნ ლარი; ავტობაზების, გაზგასამართების და სხვა ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად – 24,7 მლნ ლარი; მეტროს სადგურების რეკონსტრუქციისთვის 5,1 მლნ ლარი; მეტროს ვაგონების მოდერნიზაციისა და ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად განსაზღვრულია 20,4 მლნ ლარი; “თბილსერვის ჯგუფის” სპეცტექნიკის შესაძენად გამოყოფილია 7 მლნ ლარი; საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად – 15 მლნ ლარი”,აცხადებენ მერიაში.