dedistraki.com და mamistraki.com – “გირჩი” სიტყვის თავისუფლების გადასარჩენად

პოლიტიკური პარტია”გირჩი” სიტყვის თავისუფლების დასაცავად ახალ პროექტს იწყებს და კონკურსს აცხადებს.

გირჩში აცხადებენ, რომ ამ გვერდებზე განთავსდება იმ ადამიანების სია, ვინც გამოდის ინიციატივით ან რაიმე ფორმით მხარს უჭერენ სიტყვის თავისუფლებაზე სახელმწიფო ცენზურის დაწესებას. ვებ გვერდზე  განთავსდება შესაბამისი ციტატები, რომლებითაც დადასტურდება მათი  ზრახვები.

გამარჯვებული ორ ნომინაციაში გამოვლინდება, ესენია თვის საუკეთესო გინება (შეურაცხყოფა) და თავისუფლებისთვის ყველაზე ნაგინები მტერი.

“ჩვენს საკუთრებაში არსებულ დომენებზე www.dedistraki.com და www.mamistraki.com რამდენიმე დღეში გაეშვება სპეციალური ვებგვერდი, რომელზეც ჩვენ განვათავსებთ იმ ადამიანების სიას, ვინც გამოდიან ინიციატივით ან რაიმე ფორმით მხარს უჭერენ სიტყვის თავისუფლებაზე სახელმწიფო ცენზურის დაწესებას. იქვე იქნება განთავსებული შესაბამისი ციტატები, რომლებითაც დადასტურდება მათი მსგავსი ზრახვები.

ნებისმიერ ადამიანს, ვინც აცნობიერებს სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობას, შესაძლებლობა ექნება ნებისმიერი გამოხატულების შეურაცხყოფა მიაყენოს ამ სიაში მყოფ ნებისმიერ ადამიანს ან ადამიანებს.

შეურაცხყოფებს მივიღებთ სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ ელ. ფოსტის მისამართზე, ვიდეო ან აუდიო ფორმატში: mamistraki@gmail.com”-აცხადებენ გირჩში.

“გირჩი” პროექტს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხით ხსნის. მათი აზრით, სიტყვის თავისუფლება  საფრთხის ქვეშ დადგა. მას ერჩის საპატრიარქო, პრეზიდენტი, პარლამენტის სპიკერი, ოცნების პარლამენტარები, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია და სხვები.

“ცილისწამების, შეურაცხყოფისა თუ ე.წ. “რელიგიური გრძნობების” შეურაცხყოფის დაუშვებლობაზე აპელირებით, ვიღაცეებს განზრახული აქვთ შეზღუდონ სიტყვის თავისუფლება ამ ქვეყანაში და ბოლო დღეებში ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს ამ მიმართულებით.

“”ჩვენ არ ვაპირებთ ამას შევეგუოთ. და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან ბრძოლის საუკეთესო იარაღად ისევ სიტყვის თავისუფლება მიგვაჩნია.”-აცხადებენ გირჩში.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა  პარლამენტს მოუწოდეა დააჩქაროს იმ კანონპროექტის განხილვა, რომელიც სიძულვილის ენას, ომის პროპაგანდასა და არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან დაცვას კანონის დონეზე დაარეგულირებს.