დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

დეკანოზ, გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მსჯავრდებულს დღეს ციხის სამკურნალო დაწესებულებაში ადვოკატი მოინახულებს. სამედიცინო ექსპერტების შეფასებით, რომლებიც საქმეში სახალხო დამცველის აპარატის მოთხოვნით ჩაერთვნენ, გიორგი მამალაძეს კომპლექსური მკურნალობა ესაჭიროება. ადვოკატები და მამალაძის ოჯახის წევრები იმედოვნებენ, რომ დასკვნის საფუძველზე დეკანოზს სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანენ, მოგვიანებით კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მსჯავრდებულის შეწყალების საფუძველი გახდება.

“რამდენიმე ხნის უკან ვიყავი და მაშინაც ვიცოდი რომ ის მდგომარეობა იყო, რაც მანამდე ჰქონდა. ამის დასტური არის შესაბამისად სახალხო დამცველის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა. იმედი მაქვს რომ მას გადაიყვანენ საქალაქო საავადმყოფოში, დარწმუნებული ვარ დაჩქარებული წესით მიმართავს პატრიარქი, მისი უწმინდესობა პრეზიდენტს მამა გიორგის შეწყალების თაობაზე,”- ამბობს მამალაძის ადვოკატი.

დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე აცხადებს, რომ სახალხო დამცველის ექსპერტიზამ კიდევ ერთხელ დაადასტურა სასულიერო პირის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა.

“ჩემი ძმის მდგომარეობა ისევ და ისევ მძიმე არის, ის რჩება პარალიზებული თავისუფლად გადაადგილების საშუალება არ აქვს,”-აცხადებს დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე.