დეკანოზ მამალაძის ადვოკატი: მოლოდინი მაქვს, რომ დეკანოზის შეწყალება არ მოხდება

პრეზიდენტი შეწყალების აქტს არც საშობაოდ გამოსცემს. ასეულობით განაცხადი, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში ისევ განუხილველი დარჩა. პატიმრობაში რჩება დეკანოზი გიორგი მამალაძეც, რომლის გათავისუფლების მოლოდინის საზოგადოებაში მას შემდეგ გაჩნდა, რაც საპატრიარქომ მის შეწყალებაზე ოფიციალური თანხმობა განაცხადა. ადმინისტრაცია ჯერჯერობით დუმს.

დეკანოზის უფლებადამცველის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საახალწლოდ არ მოხდება არანაირი შეწყალება. მისივე განცხადებით, იმისთვის, რომ შეწყალება განხორციელდეს, პირველ რიგში, პოლიტიკური ნება უნდა იყოს.

„მოლოდინი მაქვს ის, რომ დეკანოზის შეწყალება არ მოხდება. იმის გათვალისწინებით, რომ მაინც სასულიერო პირი არის და იმის გათვალისწინებით, რომ სადღესასწაულო პერიოდია, მაინც იყო გარკვეული იმედი, რომ სხვებთან ერთად შეიწყალებდა დეკანოზს. არც ერთ დღესასწაულზე არ მომხდარა მისი შეწყალება და არც საახალწლოდ არ მოხდება არანაირი შეწყალება. პოლიტიკური ნება უნდა იყოს, პირველ რიგში. გარკვეული უპასუხისმგებლობა ჰქვია ამ ყველაფერს,“ – განაცხადა დეკანოზ მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.