დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა -პრეზიდენტს მამალაძის შეწყალებას სთხოვენ

დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის ოჯახი მის შეწყალებას ითხოვს. ადვოკატებმა სასულიერო პირის საპატიმროდან გათავისუფლების თხოვნით პრეზიდენტს უკვე მიმართეს.

უფლებადამცველების თქმით მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და ის სათანადო პირობებში მკურნალობას საჭიროებს. 

„დღევანდელი შეწყალების მოთხოვნის აუცილებლობა გამოიწვია იმან, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმე არის. 6 თვეზე მეტია, რაც ასე ვთქვათ, მარჯვენა კიდურები გაჩერებული არის და მარჯვენა ხელ-ფეხს ვერ ამოძრავებს, მას დამოუკიდებლად ეტლითაც კი არ შეუძლია გადაადგილება. აქედან გამომდინარე, სამედიცინო პერსონალის და პროფესიონალების პირდაპირი კონსულტაციის შემდგომ რჩევა და მითითება იყო, რომ შეუძლებელია მისი სრულყოფილი გამოჯანმრთელება პატიმრობაში ყოფნის პირობებში, იმიტომ, რომ მას მრავალმხრივი მკურნალობა სჭირდება და პატიმრობაში ყოფნის შემთხვევაში ელემენტარული პირობებიც კი არ არის, რომ მინიმუმ მას ხელი და ფეხი აუმოძრავდეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, რათა შეწყალებულ იქნას დეკანოზ გიორგი მამალაძე და ასევე, ჩვენ მივმართავთ საქართველოს საპატრიარქოს და ასევე, რა თქმა უნდა, მის წინამძღოლს უწმინდეს ილია მეორეს, რათა იშუამდგომლოს საქართველოს პრეზიდენტის წინაშე, რომ შეწყალებული იქნას დეკანოზ გიორგი მამალაძე,“- განაცხადა დეკანოზის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ.

დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით ადვოკატებმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ერთხელ უკვე მიმართეს, თუმცა მაშინდელმა პპრეზიდენტმა მის შეწყალებაზე უარი განაცხადა.