უმრავლესობის წევრმა, ბიძინა გეგიძემ რომელიც დღეს სუსში გამოკითხვაზე იყო დაბარებული გამოკითხვაზე მისვლის ნაცვლად პრესკონფერენცია გამართა და პოლიტიკურ დევნაზე ისაუბრა.
ბიძინა გეგიძე დევნაში, მისვე გუნდის წარმომადგენლებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ადანაშაულებს.
მმართველი გუნდის დეპუტატმა თქვა, რომ გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც მან საკუთარი თანაგუნდელების კრიტიკა დაიწყო. გეგიძემ ახსენა გიორგი კვირიკაშვილიც, რომელიც მისი მეგობარია და მიანიშნა, რომ გამოძიება კვირიკაშვილის გადაყენებიდან მალევე დაიწყო.
გეგიძე ამბობს, რომ გამოძიება არ არის სამართლებრივი და ის პოლიტიკურია.
“ეს საკითხი ეხება ჩემს საქმიანობას, სანამ გავხდებოდი პარლამენტის წევრის. ეს არის საქართველოს ფოსტა – იქ მე ვიყავი დირექტორის მოადგილე აქედან გამომდინარე გამაჩნდა კონკრეტული პასუხისმგებლობები და ვახორციელებდი ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ჩემს საქმიანობას. ამის შემდეგ მე ვარ პოლიტიკოსი. გავხდი ვაკის მაჟორიტარი, შემდგომ ფრაქციის თავმჯდომარე და შემდგომ გავხდი პოლიტსაბჭოს წევრი პარტია “ქართული ოცნების“ და ამ რანგში ვიყავი ჩემს პოლიტიკურ პროცესში და არასოდეს ჩემი პრინციპებისთვის… გამოძიება, დაიწყო 2018 წლის ზაფხულში, ანუ მე შეგნებულად ჩამოვთვალე ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობის ეტაპები, მაშინ, როდესაც საკმაოდ აქტიური ვიყავი ამ რეგალიებიდან გამომდინარე.
პარალელურად მოხდა ის, რომ გადადგა პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, ჩემი მეგობარი, ეს ყველამ იცის, კვირიკაშვილი გადადგა ივნისის შუა რიცხვებში და გამოძიება დაიწყო 2 აგვისტოს, როგორც სუს-ი აცხადებს. მიუხედავად იმისა ვინ რას ფიქრობს, აქ არის პოლიტიკური ფაქტორი, მარტივად იმის გამო, რომ ვარ პოლიტიკოსი და ეს გამოძიება დაიწყო ჩემი აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობის დროს და ლოგიკურია, რომ 2018 წლის ზაფხულში დაწყებული პროცესი უკავშირდებოდეს ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას და მოიძებნა სამართლებრივად ჩემი სამსახურეობრივი თემა, კონკრეტულად რას ეხება, როდესაც მივალ სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოს ამის მერე შეიძლება უკვე ვისაუბრო,“-ამბობს ბიძინა გეგიძე.