დევნილები მიხაილოვის საავადმყოფოს ყოფილ შენობაში შეიჭრნენ

უზნაძის ქუჩაზე, ე.წ. მიხაილოვის საავადმყოფოს ყოფილ შენობაში დევნილები და სოციალურად დაუცველები შეიჭრნენ. ადგილზე მობილიზებულია საპარტრულო პოლიციის ეკიპაჟები.  თავდაპირველი ინფორმაციით შენობაში 16 ოჯახი იმყოფებოდა.  ისინი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვდნენ.

ადგილზე მისული სამინისტროს წარმომადგენელი ოჯახებს დაელაპარაკა და მათმა ნაწილმა შენობა დატოვა იმ პირობით, რომ სამინისტრო მათ დახმარებას აღმოუჩენს. ისინი სამინისტროში ხვალისთვის დაიბარეს. თუმცა ოჯახების ნაწილს შენობა ჯერ არ დაუტოვებია. სამინისტროს წარმომადგენლის, მურად აბლოთიას განცხადებით შეჭრილი ოჯახები ძირითადად რეგიონებში არიან რეგისტრირებულები. ნაწილს სახელმწიფოსგან ბინები უკვე მიღებული აქვს და დამატებით საცხოვრებელს ვეღარ მიიღებს.