დევნილთა შემწეობისა და პენსიის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბანკის ყოფილი თანამშრომლები დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ერთ-ერთი ბანკის 4 თანამშრომელი და 1 მოქალაქე დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ხელი მიუწვდებოდათ დევნილთა შემწეობისა და სახელმწიფო პენსიის მიმღებ პირთა საბანკო ანგარიშებზე.

“უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათ მოიძიეს, აღნიშნული კატეგორიის მოქალაქეთა ანგარიშები, რომლებზეც ნაშთის სახით განთავსებული იყო გარკვეული ფულადი თანხები, საერთო ჯამში – 71 972 ლარის ოდენობით, რაც სხვადასხვა მანიპულაციების მეშვეობით, მათთვის სასურველ ანგარიშზე გადარიცხეს და შემდგომ გაანაღდეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს, თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში შემჩნეული სხვა პირების მხილების მიზნით”, – წერია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.