2020 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შედის რეგულაცია, რომლითაც გაზზე მომუშავე ავტომობილებზე თხევადი აირის ბალონებისა და მისი სისტემის ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულო ხდება.
ცვლილების მიხედვით დღეიდან მძღოლები ვალდებული არიან ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დროს თან იქონიონ თხევადი აირის აირბალონისა და შესაბამისი სისტემის ტექნიკური გამართულობის შესახებ ინსპექტირების სერტიფიკატი, რომელიც გაცემული უნდა იყოს აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ. ამ სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში, ავტომობილი პერიოდულ ტექინსპექტირებაზე არ დაიშვება. გათხევადებული აირის აირბალონი ექვემდებარება პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას 5 წელიწადში ერთხელ, ხოლო თხევადი აირის სისტემა – 3 წელიწადში.