დღეიდან მიმოქცევაში ახალი 10-ლარიანი შემოვა

დღეიდან საქართველოს ეროვნული ბანკი მიმოქცევაში განახლებულ 10 ლარის ნომინალის ბანკნოტებს გაუშვებს. ახალი მოდიფიკაციის 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოქცევაში წინა წლების გამოშვების იმავე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად იქნება.

განახლებული 10-ლარიანი ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულია აკაკი წერეთლის განსხვავებული პორტრეტი გაუმჯობესებული რელიეფურობის ხარისხითა და მოცულობით, ასევე, ნაწყვეტი აკაკის ლექსიდან „გაზაფხული” მისი ავტოგრაფით, აყვავებული რტო და მერცხალი.

უკანა მხარეს წარმოდგენილია  ქართველი ფერმწერისა და გრაფიკოსის, დავით კაკაბაძის ცნობილი ნაწარმოები „იმერეთი-დედაჩემი” ბანკნოტის დომინანტ ფერთან შეხამებული მრავალფეროვნებით და საქართველოს სახელმწიფო გერბი.