დღეიდან მოქალაქეებს უჩიპო პირადობის მოწმობის აღება შეუძლიათ

საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებით, მოქალაქეებს 26 დეკემბრიდან ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის, ანუ ჩიპის გარეშე პირადობის მოწმობის აღება შეეძლებათ. განჩინება ძალაში საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე იქნება.

მოსარჩელეები ამბობენ, რომ ჩიპის შემცველი პირადობის მოწმობა და პასპორტი ადამიანების ტოტალური კონტროლის საშუალებაა და უკავშირდება აპოკალიფსის შესახებ ბიბლიურ წინასწარმეტყველებას. შესაბამისად, მოსარჩელეები რწმენის გამო უარს აცხადებენ პირადობის მოწმობისა და პასპორტის აღებაზე, რაც მათ ართმევს სხვადასხვა სოციალური სერვისის მიღების საშუალებას და კონსტიტუციურ უფლებებს უზღუდავს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება პირადობის მოწმობის გაცემის წესის მომწესრიგებელი ნორმების კონსტიტუციურობას თანასწორობის უფლებასთან და რწმენის თავისუფლებასთან მიმართებით.

საქმეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს.