პირველი აპრილიდან ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალა.
დღეიდან ამოქმედდა ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს საშუალება აქვთ მხოლოდ ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკი გამოიყენონ. ვიზუალურად ის ჩვეულებრივი ”ცელოფნის პარკისგან” არ განსხვავდება, განსხვავებულია მისი შემადგენლობა. ის მთლიანად ან ნაწილობრივ ბიოლოგიური, განახლებადი ნედლეულით წარმოებული პარკია, რომელიც ბიოდეგრადაციასა ექვემდებარება.
ახალი რეგულაციის მიხედვით, ბიოდეგრადირებად პარკებზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი სავალდებულო ინფორმაცია: პლასტიკის პარკის მწარმოებელი, პარკის სისქე და შემადგენლობა.
პროცესს მონიტორინგს რამდენიმე სამსახური გაუწევს. პარკების წარმოებას – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, პარკების იმპორტს – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ხოლო პარკების რეალიზაციისას – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო გააკონტროლებს.
კანონდარღვევის შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტი 500 ლარით დაჯარიმდება და შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციაც მოუწევს, განმეორებით ჩადენილი ქმედებისთვის კი ჯარიმა გაორმაგდება და მეწარმეს 1 000 ლარი დაუჯდება.
აკრძალვის ამოქმედებამდე რამდენიმე მსხვილმა სუპერმარკეტებმა და სააფთიაქო ქსელების ნაწილმა პლასტიკი მოხმარებიდან სრულად ამოიღო, ნაწილი კი მოქალაქეებს ალტერნატივის სახით მრავალჯერადი ჩანთების ყიდვას სთავაზობს.
შეზღუდვები ქვეყანაში ორ ეტაპად განხორციელდა. 1 ოქტომბრიდან მიმოქცევიდან ამოიღეს მხოლოდ თხელი, ერთჯერადი პარკები. დღეიდან კი აკრძალვა ნებისმიერი სისქის, არაბიოდეგრადირებადი პოლიეთილენის პარკების წარმოებას და გამოყენებასაც შეეხო.
თუ პოლიეთილენის პარკის გარემოში დაშლას ასეულობით წელი სჭირდება, ბიოდეგრადირებადი პარკი 3-6 თვეში იწყებს დაშლას და 24 თვეში სრულად ნადგურდება.
სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ერთი ადამიანი 550-ზე მეტ ერთჯერად პარკს მოიხმარს. თუ ამ მონაცემებს მოსახლეობის რაოდენობაზე გადავამრავლებთ, ერთ წელში ბუნებაში 2 მილიარდამდე პოლიეთილენის პარკი ხვდება, რომლის დაშლას სულ მცირე 400 წელი სჭირდება.