ვახუშტის ხიდის რეაბილიტირებულ ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა დღეიდან აღდგება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუსაოების დასრულების შემდეგ, მეორე ეტაპი დაიწყება.
„ვახუშტის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი სრულდება. თავდაპირველად, სატრანსპორტო მოძრაობა რეაბილიტირებულ ნაწილზე აღდგება. შემდეგ უკვე გადავალთ მეორე ეტაპზე, რომელსაც ასევე მოვაწესრიგებთ. რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, ხარისხია, რომელსაც ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ. ზოგადად, ჩვენი მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია ის მიდგომა, რომ იმ პროექტებმა, რომელსაც ვახორციელებთ, ათეულ წლებს უნდა გაუძლოს. სხვანაირად შეუძლებელია და თანხის წყალში გადაყრა გამოგვივა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ ახორციელებს. პროექტის განხორციელებაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 394 434 ლარი დაიხარჯება.