ათდღიანი საპროტესტო მოძრაობა დღეს მსვლელობით გაგრძელდება, რომელსაც ორგანიზატორებმა “თავისუფლების მარში დაარქვეს“. მსვლელობა რესპუბლიკის მოედანზე საღამოს 7 საათზე დაიწყება და თავისუფლების მოედნის მიმართულებით წავა.
უკვე მეათე დღეა თბილისის ცენტრში საპროტესტო აქციები გრძელდება. მთავარი მოთხოვნა გიორგი გახარიას გადადგომაა.
აქციის ორგანიზატორები ღონისძიების ფეისბუქ გვერდზე საკუთარ მოთხოვნებს კიდევ ერთხელ აყალიბებენ:
“გიორგი გახარიამ რუსი კომუნისტი დეპუტატი, ოკუპაციის შესახებ კანონის დამრღვევი – სერგეი გავრილოვი საქართველოში შემოუშვა
ამ ფაქტის გამპროტესტებელი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ კი, ძალის გამოყენების ბრძანება გასცა
პოლიციამ, მინისტრის ბრძანებით, გამოიყენა არასათანადო ძალა და ცხოველებისთვის განკუთვნილი რეზინის ტყვიები მშვიდობიან დემონსტრანტებს დაუშინა!
“გავრილოვის ღამეს” ჰყავს დაზარალებული, დასახიჩრებული და დამცირებული მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომელთა ნაწილსაც სახლამდე სდიეს, სკვერებში ჩაუსაფრდნენ, სახეში აფურთხეს, თვალები დასთხარეს… 1 ადამიანი ამ დრომდე რჩება მართვით სუნთქვაზე და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს და დაუყოვნებლივ გადააყენოს შს მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც თავადვე აღიარებს, რომ პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება.
უკვე 9 დღეა, ადამიანები იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და ითხოვენ შს მინისტრის გადაყენებას, 29 ივნისს კი, პროტესტის მე-10 დღეს, პროტესტი იქნება ყველაზე დიდი და მასშტაბური!
19:00-ზე, მთელი საქართველოდან, ვიკრიბებით თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე და ვერთვებით თავისუფლების მარშში – თავისუფლების მოედნამდე. მარშის მთავარი მოთხოვნაა:
დაუყოვნებლივ გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია!
შემოუერთდი მარშს და შეიტანე საკუთარი წვლილი უკეთესი ქვეყნის შენებაში!“