პარლამენტის ეზოში პოლიციის უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული. სამართალდამცველები რამდენიმე ავტობუსით მივიდნენ.
ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოსთან მასშტაბური აქცია იმართება. სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია ქვეყანაში რუსი დეპუტატების ჩამოსვლას და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის გავრილოვის მიერ დაკავებას აპროტესტებენ.
ისინი პარლამენტის თავმჯდომარისგან მოითხოვენ, რომ მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს.
„ამდენი ადამიანი აქ მოიყვანა არა მხოლოდ შეურაცხყოფამ, არამედ იმან, რომ დღეს, თითოეულმა ჩვენგანმა იგრძნო, რომ ხელისუფლებამ გვიღალატა. ხელისუფლებამ გვიღალატა და შებღალა ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ერთიანობა. ეს ხელისუფლება ამ ერთიანობით მოვიდა. მე შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, რომ ბიძინა ივანიშვილი, პრეზიდენტი, ყველა ლაპარაკობდა იმას, რომ თურმე ომი 2008 წელს დაიწყო საქართველოს ხელისუფლებამ, მაგრამ ახლა აღმოჩნდა, რომ დღევანდელი ხელისუფლება ყოველგვარი ომის გარეშე, რუსებს აბარებს ჩვენს სახელმწიფოს. ეს დღეს, არც ერთმა მოქალაქემ არ აპატია ხელისუფლებას. ღალატს არც ერთი მოქალაქე არ აპატიებს“ – განაცხადა თამარ კორძაიამ.