“დღევანდელი გადმოსახედიდან ანაკლიის პროექტი ვერ განხორციელდება და საერთოდ, ადგილიდანაც ვერ დაიძვრება” – დავით ჭიჭინაძე

„დღევანდელი გადმოსახედიდან ანაკლიის პროექტი ვერ განხორციელდება და საერთოდ, ადგილიდანაც ვერ დაიძვრება” – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ პარლამენტში ანაკლიის პროექტის განხილვის შემდეგ განაცხადა.

“პროექტის მეპატრონეებს მეტისმეტად გადაჭარბებული მოლოდინები აქვთ.

აქ პირდაპირ იკვეთება, რომ წინა პრემიერ მინისტრის პირობებში პროექტს ჰქონდა ძალიან დიდი მხარდაჭერა და ყველაფერზე წინსწრებად მიდიოდნენ. შემდეგ ცდილობდნენ მის დაკორექტირებას და მთავრობას მეტ პასუხისმგებლობას აკისრებდნენ. შესაბამისად, ახალ პირობებში ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის დაპირისპირების უდიდესი ფაზა, რის გამოც ანაკლიის პროექტს საკმაოდ უჭირს. რადგან ის ყველა ასპექტი, რომელიც ზოგადად, ასეთ დიდ პროექტებს ახლავს სრულად არ არის გათვალისწინებული.

ასევე, არ არის გათვალისწინებული გეოპოლიტიკური ინტერესები. ისტორიულად, როდესაც სადმე ახალი სავაჭრო გზა იჭრებოდა მას ძალიან სერიოზული პრობლემები ჰქონდა.

მოკლედ, ასე ადვილად არაფერი გამოვა, ამიტომ ვფიქრობ, კონსორციუმი და ჩვენი სახელმწიფო ამ ეტაპისთვის მზად არ არის ანაკლიის პროექტის წარმატებით დასრულებისთვის და იმის ნაცვლად, რომ უნისონში ერთობლივად იმოქმედონ დღეს საპირისპიროდ მოქმედებენ.

ამიტომ ვფიქრობ, დღევანდელი გადასახედიდან პროექტი ვერ განხორციელდება და საერთოდ, ადგილიდანაც ვერ დაიძვრება. ეს უკვე პოლიტიკური პროცესია, ვიდრე პროექტის განხორციელების პროცესი. აქ ეძებენ დამნაშავეებს, ვინ ვის დააბრალოს, თორემ პროექტის განხორციელებასთან მიმართებაში არის მხოლოდ ის ციფრები, რომელიც არ იძლევა არაფრის საშუალებას.

პროექტის განხილვაზე მოყავთ უბრალოდ სხვადასხვა ავტორიტეტული კომპანიები. რეალურად საუბარია პორტზე, მაგრამ არ საუბრობენ სახელმწიფოს მხრიდან მზაობაზე შექმნას ის ინფრასტრუქტურა ქვეყანაში, რომელიც ამ პორტებს მოემსახურება. დღევანდელი, თითქოს დიდი საგზაო და სარკინიგზო პროექტები არ ყოფნის ამ პროექტებს შემდგომში განვითარებისთვის.

ანაკლიის პროექტი უფრო წინმსწრებადაა გაკეთებული, ვიდრე ჩვენი საგზაო ინფრასტრუქტურა. ეს პროექტი თავის დროზე მთავრობამ და კონსორციუმმა ერთობლივად დაიწყეს. მაშინ შესაძლებელი იყო ყველაფრის სხვაგვარად გადალაგება, მაგრამ დღეს მთავრობას სხვა პრიორიტეტი გააჩნია და შესაბამისად, არ უწყობს ხელს ამ პროექტის მთავარ პროექტად ჩამოყალიბებას” – განაცხადა  დავით ჭიჭინაძემ.