დღევანდელი მოსამართლე, პროკურორი, პარლამენტის რიგითი წევრი ყველა ბიძინა ივანიშვილია, უნდა დავამხოთ! -ნიკა გვარამია

დღევანდელი მოსამართლე, პროკურორი, პარლამენტის რიგითი წევრი ყველა ბიძინა ივანიშვილია, უნდა დავამხოთ! – ეს განცხადება “მთავარი არხის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ  საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან გააკეთა. 

„ჩვენ ამ ქვეყანაში სასამართლო არ გვაქვს და საერთოდ აღარანაირი ხელისუფლების შტო არ გვაქვს. ხელისუფლების ყველა შტო არის ზუსტად ისეთი, როგორიც არის სასამართლო, უფუნქციო და გაუქმებული. ერთი ადამიანი მართავს ქვეყანას და ეს არის ბიძინა ივანიშვილი.

ბიძინა ივანიშვილი არის ხელისუფლების უზურპატორი, ის არცერთ ხელისუფლებას არ წარმოადგენს ფორმალურად, რეალურად კი არის ის, ვინც წარმოადგენს ყველა ხელისუფლებას. მოსამართლე, რომელიც განიხილავს რიგით სასამართლო საქმეს, ისიც ბიძინა ივანიშვილია, რიგითი პროკურორიც და პარლამენტის რიგითი წევრიც, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობას შეადგენს, ამიტომ ასეთი ხალხი, რომელიც ხელისუფლებიდან არ მიდის თავისი ნებით, აუქმებს არჩევნების კონსტიტუციურ უფლებას და აყალბებს, რა თქმა უნდა, უნდა დავამხოთ და გავწიოთ ხელისუფლებიდან“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ სასამართლოში, სადაც „რუსთავი 2-თან” დაკავშირებული საქმის განხილვა 2 კვირით გადაიდო.

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას, ასევე, მასთან ერთად ბრალდებული ორი პირის, „რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის, კახა დამენიას და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორის ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო.

სხდომის გადადების მიზეზი ზურაბ იაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას შუამდგომლობა გახდა. როგორც უფლებადამცველი აცხადებს, საქმის მასალების გაცნობა მისთვის ობიექტური მიზეზით ვერ შეძლო, ვინაიდან ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფებოდა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

აღნიშნულ საქმეზე მომდევნო პროცესი 13 დეკემბერს, 15:00 ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, ნიკა გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.