„უკანასკნელი დღეების განმავლობაში ჩვენს თვალწინ განვითარდა პროცესი, რაც თავისი არსით არის უმძიმესი და ურთულესი. მღელვარებამ მოიცვა მთელი საზოგადოება, მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა საქართველოს უძველესი სამოციქულო საყდარი და აქ განვითარებული მოვლენები, რამაც არავინ დატოვა გულგრილი. ჩვენ აღმოვჩნდით იმ მდგომარეობაში როგორც 2018 წლის ერთ-ერთ შეხვედრაზე მისი უწმინდესობა ბრძანებდა –„მთის მწვერვალიდან დაგორდა ლოდი“ და საფრთხე დაემუქრა ყველას და ყველაფერს!
ეს განცხადება ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა წუხელ ფოთის ტაძარში მსახურებისას გააკეთა.
მეუფე გრიგოლმა ქადაგებისას საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა:
“შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩემი მხრიდან არ იქნებოდა სწორი საერთო სახალხო სასამართლო პროცესში ჩართვა, მით უფრო, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს ემოციური დუღილის პროცესი, და ნებისმიერი მხრიდან ყოველგვარი განცხადება, თუნდაც კეთილი განზრახვით ნაკარნახევი აზრი, ისედაც მძიმე მდგომარეობის კიდევ უფრო დამამძიმებელი შეიძლება აღმოჩნდეს.
დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება საღი აზრი, რაც შექმნილ ვითარებას გარკვეულწილად დაამშვიდებს და თანდათანობით დააბრუნებს განვითარების პერსპექტივაზე ორიენტირებულ კალაპოტში, იმ მძლავრ საყრდენზე, რაც საუკუნეთა განმავლობაში ქარიშხალთა პირობებში ეკლესიის მდგრადობას განაპირობებდა. არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ წინ გველოდება არანაკლებ რთული გზა. ჩვენს სახარებისეულ რწმენას წინ ელოდება დიდი გამოცდა. დიდი გამოცდა ელის ჩვენს სამოქალაქო ცნობიერებასაც. რასაკვირველია, ეს არის ქრისტიანული ცხოვრების, თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე ორიენტირებული ერის არსებობის თანმდევი პროცესი.
დღეს, დღის წესრიგში დგას ერთადერთი და უმთავრესი ამოცანა – შექმნილი კრიზისული ვითარების დაძლევა; და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საუბრის გაგრძელება იმ რეჟიმში და იმ გარემოში, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ყოველგვარი ხელის შემშლელი ფაქტორებისგან განრიდებულად ვიზრუნოთ არსებული პრობლემების დაძლევასა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებისთვის.
შექმნილ ვითარებაზე ყველაა პასუხისმგებელი. და მაინც…ლაზარე, მეგობარი იესო ქრისტესი, მოკვდა. მკვდარი ლაზარე ოთხი დღის განმავლობაში სიმყრალემ მოიცვა, …მაგრამ ლაზარე აღადგინა უფალმა! ასე რომ, არანაირი მიზეზი არ გვაქვს სასოწარკვეთისა და იმედგაცრუებისა; გჯეროდეთ, გწამდეთ, – შეუძლებელი კაცთაგან, შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ.
მთელი არსი ქრისტიანობისა საუბრობს იმაზე, რომ ჩვენ ადამიანები ცოდვილნი ვართ, მაგრამ გვყავს მხსნელი, იესო ქრისტე, ძე ღვთისა, და მისთვის შეუძლებელი და დაუძლეველი რამ არ არსებობს. წმიდა სახარებას იმიტომაც ეწოდება სახარება, რომ ის სიხარულს გვაუწყებს“- განაცხადა ქადაგებისას მეუფე გრიგოლმა.