დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩად სოფიო ქაცარავა, საბერძნეთში დავით დონდუა, გერმანიაში კი ლევან იზორია დაინიშნა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში სოფიო ქაცარავა, საბერძნეთის რესპუბლიკაში დავით დონდუა, ხოლო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლევან იზორია დაინიშნა. აღნიშნულ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“სოფიო ქაცარავა გახლდათ 2016-2019 წწ. საქართველოს პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტში გაერთიანებულ სამეფოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ასევე გაერთიანებულ სამეფოსთან უორდროპის სტრატეგიული დიალოგის საპარლამენტო მიმართულების ხელმძღვანელი. სოფიო ქაცარავას 2016 წელს მიენიჭა დედოფალ ელისაბედ II-ის ჯილდო, 1998 წლიდან 2016 წლამდე სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოში.

დავით დონდუა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 1993 წლიდან სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. 2015-2018 წწ. გახლდათ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხოლო საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციებს იკავებდა, კერძოდ: აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საელჩოში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის თანამდებობაზე; გახლდათ ნატოსთან საქართველოს წარმომადგენელი, ასევე ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი. 2008–2014 წლებში დავით დონდუა საქმიანობდა საქართველოს პარლამენტში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში. მას, 2001 წელს, მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

ლევან იზორია 2012-2015წწ. იკავებდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას; 2015-2016წწ. გახლდათ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე; 2016-2019წწ. დაინიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე; ხოლო 2019-2020წწ. იკავებდა საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის პოსტს. ლევან იზორიას მინიჭებული აქვს სამართლის მაგისტრის წოდება, ასევე სამართლის დოქტორის ხარისხი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ სოფიო ქაცარავა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე იყო. მმართველი გუნდი და საპარლამენტო მანდატი კი  მას შემდეგ დატოვა, რაც პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი “ქართულმა ოცნებამ” ჩააგდო.