“დიდ ქვაზე შეხტა და ფეხი დაუცურდა”-რა გახდა 16 წლის გოგონას დაღუპვის მიზეზი

სკოლა “ალბიონი” მათი მე-11 კლასელი მოსწავლის გარდაცვალებას გლოვობს.

16 წლის სოფია ნიკოლეიშვილი ლაგოდეხის ნაკრძალში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გოგონას ცხედარი ცოტა ხნის წინ მაშველებმა იპოვეს. 

როგორ მოხდა უბედური შემთხვევა, ამის შესახებ სკოლის დირექტორი ყვება, ბადრი ჯავახიშვილი ამბობს, რომ გოგონას ფეხი ხავსიან ქვაზე აუსრიალდა და ადიდებულ მდინარეში ჩავარდა. მაშველების მისვლამდე მისი გადარჩენა სკოლის ფიზკულტურის  მასწავლებელმა სცადა, თუმცა მდინარე იმდენად ძლიერად მოედინებოდა, რომ მასწავლებელი ქვებს მიაჯახა.

დირექტორის თქმით, ექსკურსიაზე კლასი განათლების სამინისტროდან მიღებული ყველა რეკომენდაციის დაცვით გაემგზავრა.

„გვაქვს მითითება განათლების სამინისტროდან, სადაც წერია, რომ ტრანსპორტი უნდა იყოს გამართული, ანუ ტექდათვალიერება უნდა ჰქონდეს გავლილი აქვე დავძენ,რომ ეს ტრანსპორტი სკოლისაა და მას ერთი თვით ადრე გავატარეთ ტექდათვალიერება. უნდა ჰქონდეს ბავშვების აღმნიშვნელი ნიშანი და ექიმი. მე გავაყოლე ფიზკულტურის მასწავლებელი, ისტორიის მასწავლებელი, დამრიგებელი და ექიმი. 17 მოსწავლე იყო სულ, რომ შეუდგნენ აღმართს სადაც მდინარე ჩამოდის, ჩანჩქერს ქვევით, ეს გოგონა შეხტა დიდ ქვაზე, რომელიც ხავსიანი იყო, დაუცურდა ფეხი და გადაეშვა. ფიზკულტურის მასწავლებელმა თოკი იშოვა, მოიბა წელზე და გადაეშვა მდინარეში, მაგრამ ისეთი სწრაფი დინება იყო, რომ მიაჯახა ერთ ქვას, მეორე ქვას და იძულებულები იყვნენ ამოეწიათ უკან,“-ამბობს ჯავახიშვილი.