შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1991 წელს დაბადებული გ.ჰ. რუსთავში დააკავეს.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 30 ივლისს, რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, გ.ჰ. გადამოწმების მიზნით იმ დროს შეაჩერეს, როდესაც იგი ავტომანქანით გადაადგილდებოდა. გადამოწმების პროცესში გ.ჰ.-მ საკუთარი ავტომანქანა მიატოვა და გაქცევა სცადა, მაგრამ სამართალდამცველებმა იგი დააკავეს.
პოლიციამ დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები, კერძოდ: 709 აბი „მდმა“, 86 აბი „სუბოქსინი“, 93 აბი „სუბუტექსი“, 3 აბი „B8“, 119 შეკვრად დაფასოებული 1 კილო და 239 გრამი ე.წ. „ბიო“, ასევე, 28,890 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.